წყნეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს და მომხდარის გამო მწუხარობას გამოთქვამს.
„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა კალათბურთელის, დათუნა ჟღენტის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით!“ – აღნიშნულია კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ წყნეთში დენის დარტყმის შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი სტუმრად იმყოფებოდა.
[related_news id=”897412″ align=”left”]
უბედური შემთხვევა სკვერში მოზარდების თამაშის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ადგილობრივები ცდილობდნენ მოზარდს სასწრაფოს მისვლამდე დახმარებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.