ავსტრალიის ხელისუფლებამ „ტოიოტას“ Yaris–ის ოჯახზე გადაღებული რეკლამის ტრანსლირება აუკრძალა. მიზეზი ერთობ უმნიშვნელო, რამდენიმე წამიანი დრიფტი გახდა. თუმცა, მთავრობამ ის არც თუ ისე უმნიშვნელოდ ჩათვალა და იაპონელებს დრიფტის ამოჭრა ან საერთოდაც ვიდეო–რგოლის მთლიანად შეცვლა მოსთხოვა.
რეკალამაში Yaris–ის სერიის სამივე წარმომადგენელი გადაიღეს: ჩვეულებრივი ჰეტჩბეკი, მოდიფიკაცია და Yaris GR. სიუჟეტის მიხედვით, სამი გმირი, ორი და და ერთიც ძმა, მშობლებთან ქორწინების იუბილეზე მიიჩქარიან. დები სხვადასხვა ადგილიდან მიდიან და თან ტელეფონით იმაზე საუბრობენ, რომ ძმას დრო აერია.
ძმა ამ დროს ავტოფარეხში მოძველებულ Toyota Celica–ს არემონტებს, თუმცა დების ზარის შემდეგ ის ყველაფერს ტოვებს, თავის Yaris GR–ში ჯდება და მშობლებისკენ მიქრის. და სწორედ მაშინ არის პატარა დრიფტის სცენა, რომელმაც ხელისუფლება ასე გააღიზიანა. მათ ისიც არ მოეწონათ, რომ ბიჭი მშობლებთან დებზე ადრე მივიდა.
მთავრობის აზრით, ვიდეო საშიში მოძრაობის პოპულარიზაციას ახდენს, ის მაყურებელს აჩვენებს რომ მაღალი სიჩქარე და დაუფიქრებელი ტრუკები დასაშვებია.
ამ მტკიცებულებას იაპონელები არ ეთანხმებიან, თუმცა არჩევანის უფლება არ აქვთ და რეკლამას მაინც ვერ გაუშვებენ.