თბილისის ცაზე დღეს დილიდან უჩვეულო ბურუსია. ნისლი ქალაქის ყველა უბნიდან შესამჩნევია. ხილვადობის არედან გაქრა თბილისის ანძაც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისი ცაზე სუსტი ხილვადობის მიზეზი ნისლიც არის და მტვერიც.
თავდაპირველად სააგენტოში განმარტეს, რომ დედაქალაქში უჩვეულო ბურუსის მიზეზი მხოლოდ ნისლი იყო.
“თბილისში და მის შემოგარენში ნისლი ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსია. ნისლი განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით,” – აღნიშნეს გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებაში.
სააგენტოს სპეციალისტების თქმით, მსგავსი სინოპტიკური პროცესები ზაფხულის პერიოდისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია.
მოგვიანებით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია შეცვალა. ” ფორტუნა ” მათ განმარტებისთვის დაუკავშირდა. უწყების თქმით, დაზუსტდა, რომ თბილისს ცაზე ნისლიც არის და მტვერიც.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია,”- ნათქვამია განახლებულ ინფორმაციაში.
თბილისის მაცხოვრებლების მოსაზრებით, ბურუსი ავტომობილის გამონაბოლქვით, ე.წ. სმოგიათ არის გამოწვეული.