რუსეთში კიდევ ერთი ბიზნესმენი გარდაიცვალა. ლოგისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარაკზე, აუზში იპოვეს. მას თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი, გვერდით კი ტრავმატული იარაღი იდო. ჯერჯერობით, უცნობია ვის ეკუთვნის აღნიშნული იარაღი.
„გაზპრომბანკის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა სავარაუდოდ, ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
კომპანია „ასტრა-შიპინგი“, რომლის გენდირექტორიც ვორონოვი გახლდათ, რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, „გაზპრომის“ ერთ-ერთი კონტრაქტორს წარმოადგენს, რომელიც დაკვეთებს არქტიკაში ასრულებს.
ბიზნესმენის მეუღლე ჰყვება, რომ ლენინგრადის ოლქში ვორონოვი 1 ივლისს გაემგზავრა, თუმცა წასვლამდე მას საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტი მოუვიდა.
აღსანიშნავია, რომ ნახევარწელიწადში ეს „გაზპრომის“ უკვე მე-5 ტოპმენეჯერია, რომელიც გარდაიცვალა.
[related_news id=”710287″ align=”left”]
რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ვორონოვის გვამი და პისტოლეტი აუზში იპოვეს. ბიზნესმენს თავის არეში აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, ვორონოვმა თავი მოიკლა. რუსული მედია წერს, რომ 2020-2021 წლებში კომპანია „ასტრა-შიპინგ“-ის დანაკარგი 160 მილიონი რუბლი იყო.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში რამდენიმე მილიონერი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 2022 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მკვდარი იპოვეს „გაზპრომ-ინვესტ“-ის ხელმძღვანელი ლეონიდ შულმანი, ხოლო თებერვალში – „გაზპრომ“-ის ერთიანი საგადასახადო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ტულიაკოვი. ოფიციალური ვერსიით, ორივე მათგანმა თავი მოიკლა. 2022 წლის აპრილში, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს „გაზპრომბანკ“-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევის და მისი ცოლის და ქალიშვილის ცხედრები.
გამოძიების ვერსიით, გაბანკროტების ზღვარზე მყოფმა ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.