სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გინტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.