საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტები. დაწყებულია დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება.
ავტოტრანსპორტი დროებით საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით იმოძრავებს.