ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ხანგრძლივობა ისევ გაიზარდოს. საუბარია შეზღუდვაზე, რომელიც სებ-მა 2022 წლის ზაფხულში დააწესა და რომლის მიხედვითაც, სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა ოთხიდან სამ წლამდე შემცირდა.
კობა გვენეტაძის თქმით, ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკი არსებულ შედეგებს შეაჯამებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.
[related_news id=”827610″ align=”left”]
„როდესაც ამოიწურება ის პერიოდი, რომლითაც ჩვენ მივიღეთ, უკვე ეროვნული ბანკი განიხილავს ამას და მიიღებს გადაწყვეტილებას – შენარჩუნდება ეს რეჟიმი თუ გაგრძელდება. იცით, რომ ერთი წლით იყო შემცირებული. როდესაც გავა ეს პერიოდი, მოხდება ანალიზი და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 2022 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად 2023 წლის 15 აგვისტომდე დარჩება ძალაში.