კომპანია Hyundai–მ ახალი Elantra N–ის პირველი ოფიციალური გამოსახულება გაავრცელა. სედანის ცხელი ვერსია კამუფლაჟის გარეშეა გადაღებული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოდელი 280 ცხენის ძალის ტურბოძრავს მიიღებს და მისი პრემიერა სულ რამდენიმე კვირაში შედგება.
ორ ახალ თიზერში ავტომობილი კამუფლაჟის გარეშეა გადაღებული, რაც საშუალებას იძლევა რომ დისკების ახალი დიზაინი, ძარა თუ სხვა აეროდინამიკური ელემენტები უკეთ შევათვალიეროთ.
სედანის ტექნიკურ დეტალებზე მწარმოებელი არ საუბრობს, თუმცა გავრცელებული ჭორების მიხედვით, Hyundai Elantra N ორი ლიტრის მოცულობის ტურბოძრავს მიიღებს და 250–280 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. აგრეგატი როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.
Hyundai–ში სიახლეს ასე ახასიათებენ „სპორტქარი ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის“. სტანდარტული ჰიბრიდული მოდიფიკაციის შემდეგ მოდელი Elantra–ს სერიულ ხაზში მესამე ვერსია გახდება.