„ეტყობა ამ იმიტირებულ „როკი ბალბოას“ თავი მართლა „როკი ბალბოა“ ჰგონია და ვეღარ ერკვევა სად არის – სავარჯიშო მოწყობილობასთან, თუ პოლიტიკაში. მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი საბრალო მუქარებისგან,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ მას შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე თანხმობას არ აძლევს.
რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დაახლოებით, 2700-მდე ვიზიტორმა.
„სამართლებრივად, მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერ დავაში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გამართლდა საქართველო.
მე ტელევიზიებისა და ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასდროს არ დასტურდება.
სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული, მსოფლიოში ალბათ რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული,“– აღნიშნა მინისტრმა.