დღეს, თბილისში პიკის საათებში 600 ათასზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, 2012 წლამდე კი ეს მონაცემი დაახლოებით 180 ათასი იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული სტატისტიკა გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით პრობლემაა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.
„2012 წლამდე, თბილისში, პიკის საათებში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, პიკის საათში, თბილისში 600 ათასზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება.
[related_news id=”885924″ align=”left”]
ხედავთ, რა ციფრებზეა საუბარი. ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ადამიანებზე აისახება.
ამიტომ, კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები მნიშვნელოვანია, რათა აღნიშნული მიმართულება ყველანაირად მოწესრიგებული იყოს და გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.