ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე „რუსთავი 2“-ის ეთერში პროექტის „ნიჭიერი“ მეათე საიუბილეო სეზონი შეგიძლიათ იხილოთ. ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე კი რადიო „არ დაიდარდო“ პროექტის მონაწილეებს მასპინძლობს.
ამჯერად გადაცემას „ნიჭიერის დღიურები“ ილუზიონისტი ლევან მაჩიტაძე ესტუმრა.
-ლევან, მოგვიყევი შენს შესახებ…
-ვარ 23 წლის, საყვარელი,სიმპათიური ქარიზმატული (იცინის). ხშირად მეუბნებიან, რომ ნარცისი ვარ, მაგრამ ვპასუხობ, რომ რეალისტი ვარ. ამჯერად თბილისში ვცხოვრობ, თუმცა ბაღდათიდან ვარ. ჩემი ცხოვრება სიგიჟეებისგან შედგება, არ შემიძლია მშვიდად ყოფნა.
-რომელ ერთ სიგიჟეს გაიხსენებ შენი ცხოვრებიდან ?
-არ ვიცი რომელი ერთი ვთქვა, შემიძლია გავიხსენო დღე, როდესაც დილით ბათუმში ვიყავი, შუადღეს თბილისში და საღამოს ქუთაისში. როგორც გითხარით, არ შემიძლია მშვიდად, ერთ ადგილას ყოფნა. ამდენი მოძრაობის შემდეგაც შემიძლია ვიყო ბედნიერი და მქონდეს უამრავი ენერგია. ვიღლები მაშინ როდესაც ვზივარ სახლში და არაფერს ვაკეთებ.
-რატომ გადაწყვიტე ნიჭიერში მისვლა და ზოგადად როდის აღმოაჩინე შენში ილუზიონისტის ნიჭი?
-ჩემი ბავშვობის ოცნება იყო კამერები, ტელევიზია, პოპულარობა. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი თოჯინების თეატრში, სპექტაკლის დაწყებამდე ყოველთვის ავრბოდი სცენაზე, ვყვებოდი ლექსს, ვმღეროდი. ჩემთვის, ეს იყო წარმოუდგენელი ემოცია, რომელიც დღის ბოლომდე მიმყვებოდა და მოუთმენლად ველოდი კიდევ როდის წავიდოდი თეატრში. რაც შეეხება ფოკუსებს, ერთი წელიც არ იქნება რაც ამ მიმართულებაზე დავიწყე მუშაობა.
-თავად აღნიშნე, რომ ბავშვობაში მღეროდი რატომ ამ მიმართულებით არ გაეცანი საზოგადოებას?
-სიმღერის ნიჭი არ მაქვს, ეს უბრალოდ ბავშვური გასართობი იყო. თუმცა ვარ მუსიკოსი, გიტარისტი, შვიდწლედიც მაქვს დამთავრებული და ზოგადად ძალიან მიყვარს ხელოვნება. სტრესის და დეპრესიის დროს ძალიან მშველის მუსიკა, თუმცა ჩემს თავს უფრო ვხედავ როგორც: იუმორისტს, ილუზიონისტს, შოუმენს. მიყვარს, როდესაც ვდგამ პერფორმანსს.
-ფილარმონიის სცენაზე პირველი გამოსვლისას არ ღელავდი?
-თავიდან ვღელავდი, თუმცა როდესაც ჩემი ნომრის იუმორისტულ შინაარს ჩასწვდნენ მღელვარებაც მომეხსნა. დადებითმა ემოციამ უფრო გამათამამა და გარკვეულ იმპროვიზაციებსაც მივმართე. ნახევარფინალში კიდევ უფრო მეტ მაგიას ვპირდები ჩემს გულშემატკივარს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ილუზიონისტი ლევან მაჩიტაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები