ისანში გუშინ გარდაცვლილი ძმები გვიან ღამით, გორში, დევნილთა დასახლებაში გადაასვენეს, სადაც მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
ჯონდო და ვახტანგ ყაზიშვილები ზემო არცევიდან დევნილები იყვნენ. ყაზიშვილებს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ ბინა ნაქირავები.
ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 7 გარდაცვლილს შორისაა ორი ძმა და მამა-შვილი, დანარჩენი სამი კი სხვადასხვა ოჯახის წევრია. გარდაცვლილები არიან: ძმები – 32 წლის ვახტანგ ყაზაშვილი და 39 წლის ჯონდო ყაზაშვილი, მამა-შვილი – 29 წლის ანზორ სუთიძე და 54 წლის ბათუ სუთიძე, ასევე 28 წლის ნიკა კაპანაძე, 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე და 20 წლის ლაშა კობახიძე. ისინი თბილისში რეგიონებიდან სამუშაოდ იყვნენ ჩამოსული და ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ.
წინასწარი ვერსიით, გარდაცვლილები ბინაში მხუთავი აირის დაგროვებას ემსხვერპლნენ. მიზეზი კი, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელია.
საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლებმა გამათბობლის საკვამლე მილის გაწმენდის შემდეგ, მასში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს. [related_news id=”152629″ align=”left”]
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
ფოტო: ანა შეპკინა